მსოფლიო დღეს

იმ დღეს, როცა რუსეთმა CTBT გააუქმა: აშშ-მა ნევადის პოლიგონზე მიწისქვეშა ცდები ჩაატარა

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ნევადის პოლიგონზე მიწისქვეშა გამოცდები ჩაატარა, სადაც მანამდე ბირთვული იარაღი გამოსცადა, იუწყება „რია ნოვოსტი“ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი შეთანხმების (CTBT) რატიფიკაცია გააუქმა.

„ნევადის ეროვნული უსაფრთხოების ობიექტის (ნევადის საცდელი პოლიგონი) გუნდმა მიწისქვეშა ქიმიური აფეთქება ჩაატარა ობიექტზე შეერთებული შტატების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რათა გამოავლინოს დაბალი სიმძლავრის ბირთვული აფეთქებები მთელ მსოფლიოში“, — ნათქვამია ამერიკული უწყების განცხადებაში.

აღინიშნება, რომ გამოცდები ოთხშაბათს ჩატარდა — იმავე დღეს, როდესაც რუსეთის სახელმწიფო დუმამ ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ კანონი მიიღო. ფედერაციის საბჭო დოკუმენტს 25 ოქტომბერს განიხილავს.
„ამ ექსპერიმენტისთვის <…> გამოიყენებოდა მაღალი სიმძლავრის ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერებები და რადიოიზოტოპური ინდიკატორები“, — განმარტავს აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო.
ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმება (CTBT) 1996 წელს მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 50-ე სესიაზე. ამ დროისათვის მასზე ხელი 183 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, რატიფიკაცია 164-შია ჩატარებული. რუსეთმა ხელშეკრულების რატიფიკაცია 2000 წელს მოახდინა. ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთსა და ისრაელს ეს პროცედურა დღემდე არ ჩაუტარებიათ.