თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმი ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს ბულვარის ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც წელს პირველად გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიება 21 ოქტომბერს ჩატარდება.
„გეპატიჟებით ყველაზე ფერადოვან ფესტივალზე. ფესტივალი უმასპინძლებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასა და სამოყვარულო ველომარათონს. ბულვარის მიერ ორგანიზებული პირველი ფესტივალი, რომელიც განსხვავებული კონცეფციით იქნება წარმოდგენილი, სტუმრებს დღის 12:00-დან 23:00 საათამდე უმასპინძლებს“ , — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ფესტივალის სტუმრებს ადგილზე მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციებით გაფორმებული სივრცე ელოდება საბავშვო გასართობი აქტივობებით, შემეცნებითი-სახალისო „მწვანე გაკვეთილებით“, კოსტიუმირებული პერფორმანსით, რომელზეც ბულვარის ისტორია იქნება გაცოცხლებული.
გარდა ამისა, სტუმრები შეძლებენ ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტოგამოფენის დათვალიერებას, კინოჩვენებაზე დასწრებას, სამეწარმეო მარკეტისა და კვების ზონის მონახულებას.
„შემოგვიერთდით! საზეიმო განწყობით ერთად გავატაროთ დრო საუკუნოვანზე მეტი ისტორიის მქონე ბულვარში“, — ეპატიჟებიან მსურველებს ორგანიზატორები.