თბილისში ლევან ხარანაულის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მხატვრის ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 19 ოქტომბერს იხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, რომლებიც თავად მხატვრისა და მისი ახლობლების კოლექციებიდან არის, დამთვალიერებელს შემოქმედის ბიოგრაფიას გააცნობს.

„ლევან ხარანაული ხატავს იმას, რაც მის ირგვლივაა, რაც ახარებს, რაც უყვარს და რაც ადამიანურობას უნარჩუნებს", – აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები.

გამოფენის დათვალიერება 15 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.
ლევან ხარანაული 1963 წელს თბილისში დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.
1978 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ. მხატვრულად გააფორმა არაერთი წიგნი.