თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა „როსია სეგოდნიას“ საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ცერემონიაზე გრან-პრის გამარჯვებული დაასახელა.
მეცხრე კონკურსის მთავარი ჯილდო მოიპოვა რუსი ჟურნალისტის, ალექსეი ორლოვის შავ-თეთრმა ფოტოსიუჟეტმა „ზარევომ“.
„კონკურსი ტრაგიკული მოვლენის — 2014 წელს ჩვენი სამხედრო კორესპონდენტის დაღუპვის შედეგად გაჩნდა. მაშინ ჩვენ იმ ადგილებში გაგზავნილ ჩვენს კორესპონდენტებსა და ფოტოგრაფებს, სადაც ომი დაიწყო, ასე არ ვუწოდებდით. ჩვენ ახლა ვათარიღებთ ომის დაწყებას 2014 წლით, მაშინ კი ჯერ კიდევ არ გვესმოდა გამწვავების პროცესის მასშტაბები, თუმცა ჟურნალისტურ კორპუსში პირველი დანაკარგები უკვე გვქონდა. სამწუხაროდ, ამ ზაფხულს კიდევ ერთი ჩვენი კორესპონდენტი დავკრძალეთ ეკატერინბურგში — სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი. ეს პროფესია მოიცავს ასეთ რისკსა და თავგანწირვას და, სამწუხაროდ, ამ კონკურსში ომი უფრო მეტი იყო, ვიდრე ადრე. ეს ალბათ იმ გლობალურ ტენდენციას ასახავს, საითკენაც მსოფლიო მიექანება“, — განაცხადა საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფოტოგრაფია — თანამედროვე სამყაროს მხატვრული გამოსახულების შექმნაა, მათი წყალობით სამყაროს უფრო ღრმად და მკვეთრად შევიგრძნობთ.
კისელიოვის თქმით, სტენინის სახელობის მომავალ საიუბილეო კონკურსში რაღაც ახალს უნდა ველოდოთ.
„ზარევო" – ეს არის რეპორტაჟი დონეცკსა და მარიუპოლში მომხდარ მოვლენებზე, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში გადაიღო ალექსეი ორლოვმა.
ავტორი თავის მუშაობას სპეცოპერაციის ზონაში (2022 წლის მარტში) შემდეგნაირად აღწერს:
„ეს დღეები ალბათ ყველაზე რთულია ჩემს ცხოვრებაში, რადგან დონეცკსა და მარიუპოლში ვნახე ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი განიცადეს. ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა ეს ადგილი, როგორც ერთი ქალაქის კრებითი სახე, რომლის მშვიდობიანი დღეებიც დასრულდა. მისი მცხოვრებლების ცხოვრება და ბედი შეიცვალა, ბევრმა დაკარგა სახლი და საყვარელი ადამიანებიც კი. ბევრმა დაკარგა ყველაფერი, იმედის გარდა".
კატეგორიაში „მთავარი ამბები“ საუკეთესო იყო ბაჰრეინელი აიმან იაკუბის ფოტო „ცეცხლოვანი ბურთი“, რომელიც იემენის მიერ საუდის ქალაქ ჯედაში Saudi Aramco-ს ნავთობბაზის სარაკეტო დარტყმას ასახავს.
აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის სერიებს შორის ჟიურის პირველი ადგილით არავინ დაუჯილდოვებია.
„ნომინაციაში „ჩემი პლანეტა" სტენინის კონკურსის მონაწილეთა შორის ყველაზე პოპულარული იყო კალკუტელი რეპორტიორის საიან ადჰიკარის შავ-თეთრი ფოტო „მომაკვდავი ტრადიცია", რომელიც ინდოეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე მეთევზეების ხელობას შეეხებოდა; ასევე ესპანელი ფოტოდოკუმენტალისტის ადრა პალონის „დემოთანაზია" (დემოგრაფიული ევთანაზია) — ესპანეთის პროვინცია გალიციის სოფლების მოსახლეობის გასახლებისა და მათი გადაშენების შესახებ.
სპორტულ ნომინაციაში პირველი ადგილები ორივე კატეგორიაში — ერთეულ ფოტოებსა და სერიებში — რუსებმა მოიპოვეს. საუკეთესო ნამუშევარი იყო ედგარ ბრეშჩანოვის „ბრძოლა ბოლო წვეთამდე". მას ასევე მიენიჭა სპეციალური პრიზი ტელეკომპანია Al-Mayadeen Pan-Arab Information Holding-სგან.
სერიებს შორის საუკეთესოდ დასახელდა სერგეი ბობილევის "„გამარჯვების ენერგია".
ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ საუკეთესოდ ცნეს რუსი და ფრანგი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრები. ესენია ნოვოსიბირსკელი ვლადისლავ ნეკრასოვის შავ-თეთრი ფოტოგრაფიული ფანტასმაგორია „იმაგო" და ფრანგი რეპორტიორის ლუსი აუდიენ დარასის სერია „ლილუ — აუტიზმი შიგნიდან", რომელიც მის აუტისტ ძმას ანტუანს ეხებოდა.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იუნესკოს რუსეთის კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.
კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები წელს იყვნენ: რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანია, ონლაინ პლატფორმა „სმოტრიმ“ (რუსეთი), რუსული სახელმწიფო ტელეარხი „რუსეთი-კულტურა" (რუსეთი), ტელეარხი "მოსკოვი 24" (რუსეთი).
კონკურსის საერთაშორისო მედიაპარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik (საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო), მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media Group (ჩინეთი), გაზეთ China Daily-ს ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), გაზეთ The Paper-ის ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი).
დარგობრივი პარტნიორების სახით კონკურსის მხარდამჭერები არიან: რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists (რუსეთი), პორტალი Russian Photo (რუსეთი), პორტალი Photo-study.ru (რუსეთი).