საეკლესიო კალენდარი: 19 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში - თბილისის სიონში ინახება.
Sputnik
„Sputnik- საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
თომა მოციქული
წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.
როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად.თომაც ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება. რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:
- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).
საეკლესიო კალენდარი: 18 ოქტომბერი
იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას.
წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის...
ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით.
ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა.
საეკლესიო კალენდარი: 17 ოქტომბერი
მეფე მუზდმა წმიდა მოციქულის წამება ბრძანა, მაგრამ რომ ვერაფერი დააკლო, მაშინ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა.
მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა.
საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით