თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რთველი დასასრულს უახლოვდება, კახეთისა და რაჭის ფერმერებმა პროდუქციის რეალიზაციით 258,6 მლნ ლარი გამოიმუშავეს, განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
რთველი ტრადიციულად კახეთის რეგიონში, ღვინის სამშობლოში აგვისტოს ბოლოს იწყება, ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლოში, რაჭაში კი რთველს დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი. მოსავლის დაბინავების პროცესში 250 საწარმო მონაწილეობდა.
კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავა სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ". კახეთში ყურძნის რეალიზაციიდან საერთო შემოსავალმა 247 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება რაჭას, აქ 1,7 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს. მევენახეების შემოსავალმა 11,6 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ღვინის დაახლოებით 50 კომპანია და მარანი იყო ჩართული.
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების გადაწყვეტილება 2023 წელსაც მიიღო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდია რაჭაში ერთ კილოგრამზე 4 ლარს შეადგენდა.
სუბსიდიის მისაღებად კომპანია ვალდებული იყო შეესყიდა და გადაემუშავებინა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი და მევენახისთვის გადაეხადა არანაკლებ 7 ლარისა კილოგრამზე.
კახეთში ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იყო. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებდა და გადაამუშავებდა 100 ტონაზე მეტს, მიიღებდა კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდიდა.
სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ერთ კილოგრამ ყურძენს ასევე 0,9 ლარად იბარებდა.
2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.