თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ბალანსის, ანუ სხეულის წონასწორობის გრძნობის შემოწმება, რაც დიდ როლს ასრულებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მარტივი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტით შეიძლება, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, საუბარია რომბერგის პოზაზე, რომელსაც ექიმები, გარდა ბალანსის პრობლემებისა, ნევროლოგიური დარღვევების დასადგენადაც იყენებენ.
როგორც მედიკოსები ამბობენ, ბალანსის გრძნობაზე ორგანიზმის რამდენიმე სისტემა აგებს პასუხს: ვიზუალური (მხედველობა), ვესტიბულარული და პროპრიოცეპტიური. ეს უკანასკნელი არის სიგნალები კანის, კუნთებისა და სახსრების ნერვული დაბოლოებებიდან, რომლებიც ზურგის ტვინის გავლით გადაეცემა თავის ტვინს. სწორედ ამ „კუნთოვანი გრძნობის“ წყალობით ვაცნობიერებთ, როგორ მდებარეობს ჩვენი სხეული სივრცეში, როგორ მოძრაობს და რას შეიგრძნობს.
რომბერგის ტესტი XIX საუკუნის 40-იან წლებში გამოიგონა გერმანელმა პროფესორმა მორიც რომბერგმა. ის სწორედ ამ ტესტით ამოწმებდა გვიანი ნეიროსიფილისის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ამ დაავადების გამო ზურგის ტვინის უკანა ნაწილი ჰქონდათ დაზიანებული და სიარულისა და სხეულის სხვა მოძრაობებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ. დღეს კი რომბერგის პოზას არაერთი ნევროლოგიური დარღვევის დიაგნოზისთვის იყენებენ.
როგორ გამოიყურება რომბერგის პოზა
ტესტის ჩასატარებლად საჭიროა გაიხადოთ ფეხსაცმელი, დადგეთ სწორად — წელში გამართული, მიატყუპოთ ფეხები ერთმანეთს, ხელები წინ გაჭიმოთ ან გადაიჯვარედინოთ მკერდზე.
ასეთ პოზაში დაახლოებით 30 წამი უნდა გაჩერდეთ გახელილი თვალებით. შემდეგ თვალები უნდა დახუჭოთ და კიდევ 30-60 წამი დარჩეთ ამ პოზაში.
თუ ბარბაცს დაიწყებთ, ძირს დაეცემით ან ფეხს მოინაცვლებთ, რომ არ წაიქცეთ, ე.ი. წონასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.
მედიკოსების რჩევით, თუ რომბერგის ტესტის შინ გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად იყოლიეთ გვერდით ვინმე, რათა მოულოდნელი წაქცევა აიცილოთ თავიდან.
ტესტი დადებითად მიიჩნევა, თუ მან პრობლემები გამოავლინა, ანუ საჭირო დროით საჭირო პოზაში გაჩერება ვერ შეძელით. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც დამატებით ტესტებს დაგინიშნავთ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.
რა პრობლემებზე მიუთითებს რომბერგის დადებითი ტესტი
ტესტზე დადებითი პასუხი შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის ისეთ უსერიოზულეს პრობლემებზე, როგორებიცაა:
პარკინსონის დაავადება — თავის ტვინის დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს მოტორული ფუნქციები ერღვევა. პაციენტებს აღენიშნებათ უნებლიე მოძრაობები და კუნთების შეკუმშვა, ტრემორი, ფლატუნით სიარული და არასტაბილური პოზები.
ფრიდრეიხის ატაქსია — მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გენების მუტაციების გამო წარმოიქმნება და შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბავშვობაში, ისე 30-40 წლის შემდეგაც. ამ დროს პაციენტს ერღვევა მოძრაობა, სიარულის მანერა, იმატებს კუნთების სისუსტე და წარმოიქმნება სმენის, მხედველობისა და მეტყველების პრობლემები.
ნორმოტენზიული ჰიდროცეფალია — ზურგის ტვინის სითხის მიმოქცევის პრობლემა, რაც იწვევს სიარულის გაძნელებას, დემენციასა და შარდის შეუკავებლობას.
ვერნიკეს სინდრომი — თიამინის არასაკმარისი მოხმარება-შეწოვა, რაც ხშირად ხდება მძიმე ალკოჰოლიზმის ფონზე. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სიარულის დარღვევას, დეზორიენტაციას, გაშეშებასა და ცნობიერების აღრევას.
ბროუნ-სეკარის სინდრომი — ზურგის ტვინის დისფუნქცია, მაგალითად, ტრავმის ან სიმსივნის გამო.
მენიერის დაავადება — შიდა ყურში სითხის გადაჭარბებული დაგროვება, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურებში ხმაურს.
ვიტამინ B12-ის დეფიციტი.