ხაბეიშვილის წინადადება და მელიას პასუხი - რა ხდება „ნაცმოძრაობაში"?
ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო.
Sputnikთბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ყოფილ ლიდერთან ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მიანიშნებს, რომ პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არსებულ კონფლიქტზე ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. შედეგად, პარტია ორ ბანაკად გაიყო: პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანაკი, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრეა, და ამჟამინდელი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ბანაკი, რომლის უკან დგანან ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.
„დღეს, ახლაც მოლაპარაკებების მაგიდაზე კონკრეტული წინადადებები დევს... არის მოლაპარაკებები, არიან ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან პროცესში. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ღია ვართ, ჩვენთვის მთავარია ერთობა, მაგრამ ეს არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ფინალი, შეიძლება ეს წერტილი ნიკამ დასვას", – განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის"ეთერში.
ხაბეიშვილის თქმით, მელიასთან მოლაპარაკებების პროცესში მთავარი მედიატორები არიან თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე კობა ნაყოფია.
„ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული კობა ნაყოფია და გიგი უგულავა. მთავარია ის, რომ ერთობას ალტერნატივა არა აქვს", – განაცხადა „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
ამასთან, თავად ნაყოფია აცხადებს, რომ მელიასთან კონკრეტული წინადადებებით არ მისულა, უბრალოდ საუბარი შეეხო ერთობის მნიშვნელობას.
„როგორც ასეთი, წინადადებები არცერთ მხარეს არ მიუღია. ჯერჯერობით საუბარი კონსულტაციების დონეზე მიდის. ერთობის რესურსი ამოწურული არ არის", – განაცხადა ნაყოფიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ხაბეიშვილის წინადადებას მელიას თანამოაზრეები არ ადასტურებენ და აქცენტს კვლავ პარტიაში ოლიგარქიულ მმართველობაზე აკეთებენ. მტკიცებულების სახით მთავარ არგუმენტად მათ მოჰყავთ ხაბეიშვილის კვიპროსში გამგზავრება კეზერაშვილთან შესახვედრად.
„არ უნდა გაიქცე ფულის ტომრებთან სალაპარაკოდ და არ უნდა ჰკითხო, რა გააკეთო, არამედ აქ, საქართველოში უნდა შეხვდე ქართველ ხალხს და გაითვალისწინო მათი აზრი“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.
პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარეც.
„ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად გადაქცევა, ფულის გამომუშავება და ბიზნესზე ზეგავლენის მოპოვება. ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, მმართველობის ოლიგარქიული სისტემა", – დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.
მელიას თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომელზე პასუხსაც საზოგადოება იმსახურებს.
„კულისებში პოლიტიკით დაკავება და პროცესების მართვა ვიწრო ჯგუფური ინტერესების გათვალისწინებით უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მელიამ.
რას ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს პოზიტიურად აფასებენ.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს (მელია) არის უთავმოყვარეო ადამიანი. იგი ფაქტობრივად გააგდეს პარტიიდან, თუმცა ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და მერე ისევ იმ პარტიაში დარჩები, რა თავმოყვარეობაზეა საუბარი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.