თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტით 1.216.372 მგზავრმა ისარგებლა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტი 633.834 მგზავრს მოემსახურა.
„მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, შესრულდა 3.615 რეისი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა", – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით აეროპორტში ზრდა დაფიქსირდა გასულ თვეშიც. მარტო სექტემბერში აეროპორტის მომსახურებით 163.998-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, სექტემბერში აეროპორტი 483 რეისს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მეტია.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარულ რეისებს ასრულებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი–ქუთაისი–ალმათის მიმართულება დაამატა.
გარდა ამისა, 2023 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა 2020 წლის მარტში შემოიღო, რომელიც მოქმედებდა 2021 წლის თებერვლამდე. უკვე 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე იყო 2021 წლის იანვარ-დეკემბერში.
2022 წლის 12 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.