მედვედევი: უკრაინა ისრაელზე ეჭვიანობს

Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინა ეჭვიანობს ისრაელზე და შიშობს, რომ საკმარის ფულს ვერ მიიღებს აშშ-სგან „პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ახალი რაუნდის გამო“, წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გაზეთ „იზვესტიის“ ბლოგში.
მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს, რომლებიც „საბოლოოდ იქცნენ ვაშინგტონის მარიონეტებად და წარუმატებლად და უიმედოდ ეძებენ რუსულ კვალს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავებაში“, არც კიევი ჩამორჩება.

„ისინი თვალს ხუჭავენ აშკარა ფაქტებზე, ცდილობენ ლამაზი და ფუჭი სიტყვებით გააბრჭყვიალონ კონფლიქტის ორივე მხარის სისხლი და სიკვდილი. მათ არც კიევი ჩამორჩება, რომელიც შეშინებულია სულ უფრო ნაკლები იარაღისა და ფინანსური დახმარების მიღების პერსპექტივით. <...> ის სასოწარკვეთილად ეჭვიანობს ისრაელზე, ევედრება და ნიანგის ცრემლებს ღვრის“, — წერს მედვედევი.

როგორც რუსეთის ყოფილ პრეზიდენტსა და ასევე ყოფილ პრემიერს მიაჩნია, „პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამუდმებულ ესკალაციაში მკაფიო ამერიკული კვალი იკვეთება“.
„1960-იანი წლებიდან მოყოლებული, არაბეთი-ისრაელის ყველა ომში ვაშინგტონი მხარს უჭერდა და იარაღით ამარაგებდა მხოლოდ ერთ მხარეს. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეები არავითარ შემთხვევაში არ დაშორებოდნენ ერთმანეთს მშვიდობიანად. ყველაფერი აშკარაა: ახლო აღმოსავლეთში იარაღის მიწოდება ამერიკულ კომპანიებს უზარმაზარ და, რაც მთავარია, მუდმივ მოგებას აძლევს“, — აღნიშნა მედვედევმა.