თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეში ბრალდებულს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს დავით გრიგოლიას, რომელსაც ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით 2500 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება.
სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება 2023 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც დადგინდა, რომ საკვლევი მასალების შენახვის წესის სავარაუდო დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს შეფარდება საკმარისი აღმკვეთი ღონისძიებაა, რადგან ბრალდებულის მიმალვის ან სამხილების განადგურების საფრთხე არ არსებობს.
გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად გადაიგზავნა ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები, რომლებიც წინასწარ დაილუქა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.
ანა იანუშაიტიტე დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, სკვერში 17 მარტის ღამით გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკარგვის შესახებ, პოლიციამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.