კობახიძე: ზურაბიშვილი ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. დღეიდან სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს, არამედ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნასთან დაკავშირებით.
მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტად. შესაბამისად, დღეიდან ერთი წლის განმავლობაში ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტი", – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ზურაბიშვილი პროტოკოლის შესაბამისად რიგ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

„მაგრამ ის ჩვენთვის მხოლოდ ფორმალური პრეზიდენტი იქნება", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად საკითხის ჩავარდნისა, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურამ შედეგი გამოიღო.

„იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ჯერ ერთი, დადგინდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი და, მეორეც – ვიხილეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის", – განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება. შემდგომში საქართველოში სახელმწიფოს მეთაურს აირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ამასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა შეადგენს არა ხუთ წელს, როგორც აქამდე იყო, არამედ ექვს წელიწადს.