თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ახალციხეში 21 ოქტომბერს პურის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ახალციხეში 2010 წლიდან უკვე მეხუთედ იმართება. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების რეალიზაციის წახალისება.
ფესტივალის პროგრამაშია ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქტებისა და კერძების გამოფენა/გაყიდვა: სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ხორბალი და გამომცხვარი პური, ჩეჩილი და ტენილი ყველი ადგილობრივი პარკოსანი კულტურებისგან დამზადებული კერძები და სხვ.
გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავენ. აგრეთვე გამოიფინება ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.
ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, ჩატარდება პურის ცხობისა და ტრადიციული კერძების მომზადების მასტერ-კლასები, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, ვიქტორინა, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ხელნაკეთი ნივთების მასტერ-კლასები.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ხორბლის, ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქციის წარმოებითა და გაყიდვით. ასევე მეურნეებისთვის, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას და/ან კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.
დასწრება თავისუფალია. მისამართი: ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. 1.