სარფში იტალიიდან შემოტანილი ზეთისხილის ნერგები უკან მიაბრუნეს

ნერგების შემოწმების შედეგად თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ზეთისხილის ნერგებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებები საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.
„იტალიიდან მომავალი 4500 ცალი ზეთისხილის ნერგით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმებისას მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ, თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს.