თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე დანაშაულში 139 პირი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის მარტიდან მოყოლებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან 62 სამართალდამცველია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში ამხილეს, 12 პირი კი - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დაზარალებულებისა და განმცხადებლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა.
სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.