თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობა ხელისუფლებაში იმ დრომდე იქნება, ვიდრე ოპოზიციაში არ გამოჩნდებიან ჯანსაღი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
„როცა ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ ისინი (ოპოზიცია) სხვისი მითითებით არ მოქმედებენ... სწორედ იმ წუთას შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ოპოზიციაში. ამას რამდენი წელიც დასჭირდება, იმდენი წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში", – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ერთ წელიწადში მოხდეს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.
როგორც ადრე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ჩათვლით ყველა არჩევნების მოგების შანსი აქვს.