თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტო დაადო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.
„საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ვეტო დაადო „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს", – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების საკითხს ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
რას ითვალისწინებს კანონი
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
როგორც ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
თავის მხრივ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, იგი ასევე ზღუდავს აზრის გამოხატვას.