პრემიერი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ვეტერანების ღვაწლი დაფასებული იყოს

პრემიერის თქმით, ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ქართულ საზოგადოებაში.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ვეტერანების ღვაწლი სათანადოდ იყოს დაფასებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

„ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. მინდა მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი. ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ქართულ საზოგადოებაში.
„ეს არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა წელიწადში ვეტერანების დაზღვევის დაფინანსებაზე 125 მილიონ ლარს ხარჯავს.
„ჩვენ დღეს შეიძლება ამაყად ვთქვათ, რომ სახელმწიფო, მთავრობა 125 მილიონ ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამას გარდა, რა თქმა უნდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციებზე, დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ყოველთვიური დახმარების გაცემა დაღუპული ვეტერანების ოჯახებისთვის – ეს არის მადლიერების სიმბოლური გამოხატულება მთავრობის მხრიდან.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის კობა კობალაძის განცხადებით, მიმდინარე სასწავლო წლიდან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვეტერანების შვილების სწავლის დაფინანსება დაიწყო.

„ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო ჩვენი ვეტერანების შვილების სრულად დაფინანსება უმაღლეს სასწავლებლებში, რამაც უდიდესი იმედი გაუჩინა თითოეულ მათგანს და შეღავათი მისცა შრომისა და ბრძოლისგან დამაშვრალ ვეტერანებს, რომ თუნდაც ის ბიუჯეტური ნაწილი, რომელიც მათ უნდა მიემართათ თავიანთი შვილების განათლებისთვის, დახმარება იგრძნეს სახელმწიფოს თანადგომით. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ამაზე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო“, – განაცხადა კობალაძემ.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ვეტერანის სტატუსი აქვს მინიჭებული 66.479 ადამიანს. ესენი არიან მეორე მსოფლიო ომისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები.