ფაშინიანმა რუსი სამშვიდობოები უმოქმედობაში დაადანაშაულა

Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ერევანი რუსი სამშვიდობოებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული ძალების თავდაპირველ პოზიციებზე გაყვანის მიზნით, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.
მანამდე პრემიერმა სტარსბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას რუსი სამშვიდობოები უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ მათი უმოქმედობა იყო იმის მიზეზი, რომ 100 ათასზე მეტი სომეხი იძულებული გახდა „საკუთარი სახლები და მშობლიური ადგილები დაეტოვებინა მთიან ყარაბაღში“.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა მთავრობის სხდომაზე, დაძაბულობა ფარუხში (მთიანი ყარაბაღი), სადაც მანამდე მიღწეული შეთანხმებით პოზიციების სარკისებური გაწევა უნდა მომხდარიყო, სწორედ რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის გამო წარმოიშვა.

„ეს შეთანხმება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მიერ უნდა ყოფილიყო გარანტირებული. <...> რუსმა სამშვიდობოებმა დაიკავეს მითითებული ტერიტორია, მაგრამ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მათ თვალწინ შეიჭრნენ მათი პასუხისმგებლობის ზონაში", — აღნიშნა ფაშინიანმა.

სოხეთის პრემიერის თქმით, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და გაეროს მკაფიო განცხადებების მიუხედავად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კვლავაც რჩებიან თავიან პოზიციებზე მთიან ყარაბაღში — რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტისგან მთიან ყარაბაღში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება, რათა მათი პასუხისმგებლობის ზონიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს და 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებაში დაფიქსირებული სტატუს-კვო აღადგინოს.