საქართველოს პარლამენტის სპიკერის უფლებამოსილება შეიძლება გაფართოვდეს - „გირჩის“ ინიციატივა

პროექტის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმ უხერხულობის თავიდან აცილება, რომელიც რიგ შემთხვევაში რეგლამენტის წესების და თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შეუსაბამობით არის გამოწვეული, განაცხადეს ინიციატორებმა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის" დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტში ინიცირებულია რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება პარლამენტის მუშაობას საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების გათვალისწინებით წაუძღვეს.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო. რეგლამენტში ცვლილებების პროექტი 16 ოქტომბერს ბიუროს წარედგინება.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრი უფლებამოსილი იქნება პარლამენტში არ გამოცხადდეს, საკუთარი მანდატი სხვა პარლამენტის წევრს გადასცეს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილი იქნება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს.
როგორც „გირჩი" განმარტავს, მათი პროექტის მიზანია პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმებისა და თავმჯდომარის მართვის სტილის რეგლამენტში ასახვა.
„პროექტის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეს ის უხერხულობა ავაცილოთ, რომელიც რიგ შემთხვევაში რეგლამენტის წესების და თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შეუსაბამობით არის გამოწვეული. ცვლილების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება, მისი გადაწყვეტილებები არის ერთპიროვნული, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის ტრადიციას შეეფერება“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის ტექსტსა და სულისკვეთებასთან, აღნიშნავენ „გირჩში“.