თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში A ჯგუფის აუტსაიდერ კვიპროსს ანგარიშით 4:0 მოუგო.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების აშკარა უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, ფრანგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა - 0:0.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გახსნა თავიდანვე შეძლო - 46-ე წუთზე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა – 1:0.
12 წუთის შემდეგ თავი ხვიჩა კვარაცხელიამ ისახელა. 58-ე წუთზე ჭანკვეტაძის პასის შემდეგ კვარამ მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
უკვე 82-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა – 3:0. კვარაცხელიას პასის შემდეგ შეცვლაზე გამოსულმა ლევან შენგელიამ გაიტანა.
უკვე დამატებით დროში „აიაქსის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი გაიტანა - 4:0.
საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების თამაშის საყურებლად 15.871 გულშემატკივარი მივიდა. საერთო ჯამში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 27 ათასზე ცოტა მეტ ადამიანს იტევს.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.
კვირას საღამოს A ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი ესპანეთსა და ნორვეგიას შორის გაიმართება. ესპანეთს აქვს 12 ქულა და ერთი თამაშით ნაკლები.
ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 8 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე შოტლანდიის ნაკრებია. მათ 15 ქულა აქვთ.