თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი სამი გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის დაჯარიმდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გამოავლინეს.
„სენტ-ვინსენტი და გრენადინების, ლატვიისა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა აღნიშნულ ფაქტზე, თითოეულ სამართალდამრღვევებს 65 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.