რამდენმა ადამიანმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა: ახალი მონაცემები

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებული შემთხვევების უმრავლესობა რუსეთის პასპორტის აღებას უკავშირდება.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს 43,5 ათასამდე მოქალაქემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებული შემთხვევების უმრავლესობა (57,8%) რუსეთის პასპორტის აღებას უკავშირდება.
საქართველოში 2018 წლამდე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული იყო. 2018 წლის შემდეგ, უცხო ქვეყნის პასპორტის მიღებისას, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია მიმართოს ქვეყნის შესაბამის ორგანოებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომატურად ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა, მომავალში მის აღსადგენად პროცედურების გავლა მოუწევს.
უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პიკი კანონში ცვლილებების მიღების წინა პერიოდში დაფიქსირდა. კერძოდ, 2013-2018 წლებში მოქალაქეობა საქართველოს 35,2 ათასმა მოქალაქემ დაკარგა.
ამასთან, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს პასპორტი დაკარგა 25,1 ათასმა მოქალაქემ, აქედან 20,3 ათასმა - ორი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობამდე.
რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა 3 ათასამდე ადამიანმა, აქედან 2,1 ათასმა - რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო.