„ჯორჯიან ეარვეისმა" თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 16 ოქტომბერს ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით რეისს შეასრულებს, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან. ბოლო მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში 3 ათასზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.
„გაცნობებთ, რომ 16 ოქტომბერს ჩანიშნულია დამატებითი რეისი თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით. მოცემული დამატებითი რეისი გათვლილი იქნება ისრაელიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად, პირველ რიგში ბავშვების, ქალების და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავიაკომპანიის განცხადებით, რეისთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპანიის საინფორმაციო სამსახურში იქნება შესაძლებელი.
ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, განაგრძობს ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირი რეისების განხორციელებას ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით.
ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ისრაელში, გაზეთ Times of Israel-ის ინფორმაციით, ომის მსვლელობისას დაღუპულთა რაოდენობა 1,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ღაზის სექტორში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1,5 ათასს გადააჭარბა.