თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოდან განაცხადი 2024 წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე 150-მა აბიტურიენტმა შეიტანა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში.
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად 1 სექტემბრიდან დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.
„ამ დროისათვის დარეგისტრირებულია დაახლოებით 150 ადამიანი. სულ აბიტურიენტებისთვის საქართველოდან გამოყოფილია 200 ადგილი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის“, – განაცხადეს რუსეთის ინტერესთა სექციაში.
ყველაზე ხშირად სწავლის მსურველები უპირატესობას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებს ანიჭებენ. ყველაზე მეტი მოთხოვნაა შემდეგ სპეციალობებზე: ეკონომიკა, ინჟინერია, მშენებლობა, მედიცინა, ლინგვისტიკა. ასევე აბიტურიენტებს დიდი ინტერესი აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებისადმი.
სააგენტოს თანამოსაუბრის ინფორმაციით, აბიტურიენტები საქართველოდან ჩარიცხვას შეძლებენ რუსეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, გარდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტისა.
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადის წარდგენის წესი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში (აქვთ დროებითი ცხოვრების უფლება ან ბინადრობის უფლება საქართველოში და არ არიან რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 1 სექტემბრისთვის).
განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" ვებ-გვერდზე, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე.
დოკუმენტების ჩაბარების საკითხებზე მიმართეთ: (+99532)2 913 264; edu-in-ru@mail.ru.