მატჩი-რეკორდი: ქართველმა ფეხბურთელებმა ტაილანდის ნაკრები გაანადგურეს

გიორგი მიქაუტაძე „პოკერის“ ავტორი გახდა – მან მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში ამხანაგურ მატჩში ტაილანდის ნაკრები სარეკორდო ანგარიშით 8:0 დაამარცხა – ამდენი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ერთ თამაშში არასდროს გაუტანიათ.
ანგარიში მეცხრე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა – 1:0. რამდენიმე წუთის შემდეგ გოლი ნაკრების დებიუტანტმა, მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა – 2:0.
მატჩში კიდევ ერთი რეკორდი ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელს გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის. ფორვარდი „პოკერის“ ავტორი გახდა – მან მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა, აქედან ერთი 11-მეტრიანიდან. არცერთ ქართველ ფეხბურთელს ნაკრებში ერთ მატჩში ამდენი გოლი არ გაუტანია.
კიდევ თითო გოლი ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მიითვალეს.
აღსანიშნავია, რომ ტაილანდის ნაკრები ფიფას რეიტინგში 2023 წლის ოქტომბრისთვის 113-ე ადგილზეა, საქართველო კი 79-ე პოზიციას იკავებს.
კვირას, 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შინ კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.