თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის ცენტრისტული პარტია Yesh Atid-ის დამფუძნებელმა და ქნესეთის ოფიციალური ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა „ჰამასის“ თავდასხმას ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის „უპატიებელი ჩავარდნა“ უწოდა და განაცხადა, რომ უარყო შეთავაზება – შეუერთდეს საგანგებო მთავრობას.
მანამდე ისრაელის საგანგებო, ომის დროის მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელშიც ბენიამინ ნეთანიაჰუ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბენი განცი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი შევიდნენ. ნეთანიაჰუმ და განცმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საგანგებო მთავრობაში ასევე ელოდებიან იაირ ლაპიდსაც. თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა შეთავაზებაზე.
„ეს ის ხალხი არ არის, რომლებიც მთავრობისადმი ისრაელის ხალხის შერყეულ ნდობას აღადგენს“, − აღნიშნა ლაპიდმა.
თუმცა იქვე დაამატა, რომ მისი პარტია, არსებულ ვითარებაში, მთავრობას მხარში ამოუდგება.
სხვა ცნობები, რომლებიც ამ დროისათვის ვრცელდება, ასე გამოიყურება:
შაბათის შემდეგ ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში 3391 დაჭრილი იმყოფება, რომელთაგან 400-ზე მეტი კრიტიკულ და მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთაგან 74 არასრულწლოვანია.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა პალესტინელებს შორის 1537 კაცს მიაღწია. დაჭრილია 6600-ზე მეტი ადამიანი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ზღუდავს ისრაელს, გამოიყენოს ის იარაღი, რომელსაც ამერიკა აწვდის „ჰამასთან“ საბრძოლველად. ლოიდ ოსტინი პარასკევს ჩავა ისრაელში, რათა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ახლად შექმნილ საგანგებო მთავრობასთან ერთად განიხილოს ომთან დაკავშირებული გეგმები და მიზნები.
დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნის. გარდა ამისა ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავები ისრაელის საჰაერო სივრცის პატრულირებას დაიწყებენ.
ისრაელის მთავრობამ გააფრთხილა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები, პარასკევს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, ვინაიდან მანამდე „ჰამასმა“ მსოფლიოში ყველა მხარდამჭერს მიმართა და პარასკევს „მრისხანების დღის“ მოწყობისკენ მოუწოდა. როგორც მთავრობის გაცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ისრაელელ ებრაელებზე თავდასხმების, ქუჩის აქციებისა და ძალადობის დიდი ალბათობა. ამ დღეს გაძლიერდება მსოფლიოს ქვეყნებში არსებული ისრაელის საელჩოების დაცვაც.
პარიზში პოლიციასა და პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლმდენი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე საფრანგეთმა ქვეყანაში პალესტინელების მხარდამჭერი ყველანაირი დემონსტრაციის გამართვა აკრძალა. უცხოელებს, რომლებიც მსგავს აქციებში მიიღებენ მონაწილეობას, ქვეყნიდან გაძევება ემუქრებათ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა დღეს ისრაელს ეწვევიან. დღესვე ელოდებიან აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ვიზიტსაც.
ისრაელის ინფორმაციის მინისტრი გალიტ დისტელ-ატბარიანი თანამდებობიდან გადადგა, ვინაიდან მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც მისი უწყება თავდაპირველ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს, სამინისტროს მუშაობის ყოველი დღე სახელმწიფო სახსრების ფუჭი ფლანგვაა. მისი აზრით, უწყებისთვის გამოყოფილი ყველა რესურსი ისრაელის სამხრეთის მოსახლეობას უნდა მოხმარდეს.
გაეროს მონაცემებით, ამ დროისათვის ღაზის სექტორიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 423.378 კაცს შეადგენს.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ისრაელის სამხედროები თეთრი ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებაში დაადანაშაულა ღაზის სექტორისა და ლიბანის დაბომბვების დროს. ცაჰალში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ არ გააჩნიათ...