სასამართლომ 14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოხდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა გოგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა 14 წლის გოგონას ბიძა მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.