თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელში დაასახელეს ოთხი მიზეზი, რომლებმაც არმიასა და უშიშროების სამსახურებს ქვეყანაში „ჰამასის“ ბოევიკების შეჭრის აღკვეთაში შეუშალა ხელი, წერს New York Times ისრაელის მთავრობის რამდენიმე ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გაზეთი ხაზს უსვამს, რომ ეს წინასწარი დასკვნებია.
როგორც წყაროებმა განაცხადეს, ისრაელის თავდასხმისთვის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი − ისრაელის სპეცსამსახურების მხრიდან „ჰამასის“ საკომუნიკაციო ხაზების მონიტორინგის უუნარობა იყო. მათ მხოლოდ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სცადეს არმიის გაფრთხილება, რომ „ჰამასის“ საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, მაგრამ ეს გაფრთხილებაც უყურადღებოდ დარჩა.
მეორე მიზეზად ღაზასთან საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგის კუთხით ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება დასახელდა. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში ღაზის სექტორის საზღვრის გასწვრივ სამხედროების რაოდენობა შემცირდა. ჯარისკაცების ნაცვლად იქ უამრავი სათვალთვალო კამერა, სენსორი და დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევები დამონტაჟდა. თუმცა, „ჰამასელებმა“ თავდასხმის წინ დრონებით გაანადგურეს მობილური კავშირის ანძები, რითაც ისრაელის არმიას პრაქტიკულად მოუსპეს ელექტროაღჭურვილობაზე წვდომა. შესაბამისად, ბოევიკებმა საზღვრის შეუმჩნევლად გადაკვეთა მოახერხეს დაახლოებით 30 ადგილზე.
წყაროების თქმით, მესამე მიზეზი იყო სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა, რომელმაც სასაზღვრო დივიზიის ხელმძღვანელობა ერთ ბაზაზე განათავსა. აღნიშნული ბაზა კი შეტევის დაწყებისთანავე დაიპყრეს „ჰამასის“ ბოევიკებმა.
მეოთხე მიზეზი − ეს იყო იმის რწმენა, რომ „ჰამასის“ ლიდერების სატელეფონო საუბრების მოსმენები, თითქოს ისინი ისრაელზე თავდასხმას არ გეგმავდნენ, სიმართლე იყო. სავარაუდოდ, „ჰამასის“ წევრებმა იცოდნენ, რომ მათი საუბრები ისმინებოდა და გამიზნულად შეჰყავდათ შეცდომაში ისრაელის სპეცსამსახურები.
ბოლო მონაცემებით, ისრაელისა და პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ შეტაკებების შედეგად დაღუპულია ისრაელის 1200 მოქალაქე და 900 პალესტინელი. ღაზის სექტორი 263 ათასმა ადამიანმა დატოვა. პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად მთლიანად დანგრეულია დაახლოებით 1000 სახლი, კიდევ 560 კი საცხოვრებლად უვარგისი გახდა.