თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების დღე 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად 11 ოქტომბერს აღინიშნება.
„ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ამავე დროს – თითოეულ თქვენგანს; თქვენი ყოველდღიური შრომა საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენს ქვეყანაში ამ პრინციპების განუხრელი დაცვისა და გაძლიერებისათვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამართლიანი, ძლიერი, თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
იუსტიციის სისტემის თანამშრომლების დღე საქართველოში 1918 წლის 11 ოქტომბერს მომხდარ მოვლენას უკავშირდება. ამ დღეს მიღებული კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა პირველი სტრუქტურული ქვედანაყოფი – კოდიფიკაციის განყოფილება, რომელმაც ოფიციალურად გამოსცა კანონებისა და დადგენილებების კრებული.