თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი სოსიაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილების ცნობას, რომელმაც 1 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებზე გორი-კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვება მოიპოვა.
სოსიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ხოჯევანიშვილს (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის") შეცვლის, რომელმაც მაჟორიტარი დეპუტატის პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.
„კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება", – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
რეგლამენტის თანახმად, სოსიაშვილი უფლებამოსილების აღსრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საკითხს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებენ.
მმართველი პარტიის კანდიდატმა შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 93,7% (23.523 ხმა) მიიღო.
სოსიაშვილის ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისთვის" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ მიიღო 6,2% (1.562 ხმა).
კენჭისყრა მთლიანად ელექტრონული ფორმატით ჩატარდა.
გიორგი სოსიაშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
მას აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. სხვადასხვა წლებში წარმატებით ეწეოდა ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. სოსიაშვილი იყო გორის საკრებულოს წევრი, სადაც „ქართული ოცნების" პარტიული სიით შევიდა.