თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Wings თბილისიდან ბაქოს მიმართულებით რეისებს კვირაში ხუთი სიხშირით შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაკომპანიამ თბილისიდან ბაქოში კვირაში სამი სიხშირით ფრენების შესრულება 5 სექტემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში რეისები რეგულარულად სრულდება.
ახალი განრიგის თანახმად, რეისებს 72 მგზავრზე გათვლილი თვითმფრინავი ATR72-500 ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას შეასრულებს.
„ფრენის განრიგი მორგებულია ჩვენი ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ ქვეყნის შიდა ფრენის თბილისი–ბათუმი–თბილისის ფრენის განრიგს, რაც მგზავრს დამატებით აძლევს თბილისის აეროპორტის ტრანზიტულად სარგებლობის შესაძლებლობას", – ნათქვამია განცხადებაში.
ავიაკომპანია Geosky - Georgian Wings 2017 წელს დაარსდა, ის წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე და ახორციელებს როგორც მგზავრების, ისე ტვირთების გადაზიდვებს.