თბილისში ჯარის ქალაქის მშენებლობა დასრულდა

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯარისკაცებს უპრეცედენტო პირობები შესთავაზეს.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, მახათას მთაზე დასრულდა "ჯარის ქალაქის" მშენებლობა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ბინებს შეღავათიან ფასად შეიძენენ.
ბინების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სამხედროებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო ღარიბაშვილის ინიციატივით, რომელსაც იმ დროს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„ყველას მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. ჯარის ქალაქი დასრულებულია და საზეიმოდ გადავცემთ საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს. უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი დასრულდა", – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამხედროების დახმარება გაგრძელდება და ძალიან მალე შეიქმნება ანალოგიური პროექტი. ამასთან, პრემიერმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი ღვაწლი აღნიშნა.
„მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, თქვენი გმირობის წინაშე. მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, თქვენს მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს და კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება", – მიმართა მათ პრემიერ-მინისტრმა.
მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი ოფიცერთა კორპუსები აშენდა. ბინებს სულ 1.092 ოჯახი მიიღებს. სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ 50, 80 და 110 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე, თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებული ბინების შესყიდვას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით.
საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაა 200 დოლარი, მაგრამ სამხედროებს ამ თანხის დაახლოებით ნახევრის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ისინი შეძლებენ არა საბანკო კრედიტის, არამედ უპროცენტო შიდა სესხის აღებას.