ქართველი 15 წლის მოდელი მთვრალი მძღოლის მსხვერპლი გახდა

გოგონას გადასარჩენად ექიმები ერთი კვირა იბრძოდნენ, მაგრამ - უშედეგოდ.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მოდელი, 15 წლის მარიშა გვიდანი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ სამოდელო სააგენტო Geomodels იუწყება.
ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. ავტომობილი გოგონას ტროტუარზე დაეჯახა. მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მძღოლი ნასვამი იყო. მძღოლი პოლიციას შემთხვევის ადგილზე ჩაბარდა.
მარიშა გვიდანი
მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მოდელი მთელი ამ დროის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

„ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული მარიშა, შენ იყავი ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება და დარჩება ჩვენს გულებში", – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად მცირე ასაკისა, მარიშა უკვე თანამშრომლობდა წარმატებულ ქართულ სამოდელო სააგენტო Geomodels-თან.