ქართული ციხეების შესახებ - ახალი სტატისტიკა

ამჟამად გისოსებს მიღმა საქართველოს მოსახლეობის 0,26% იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9.750 ადამიანი იმყოფება, აქედან 327 ქალია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პატიმრების საერთო რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3,8 ათასი პატიმარი სასჯელს მეორედ ან მეტჯერ იხდის. აქედან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.
საქართველოში 1 ივლისისთვის არსებული 13 ციხე შევსებულია 83,5%-ით. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 18,4% სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, დანარჩენებს უკვე მისჯილი აქვთ სხვადასხვა ვადით პატიმრობა.
მსჯავრდებულების ძირითადი ნაწილის ასაკია 31-დან 49 წლამდე. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის 21 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 59 ადამიანი. ყველაზე მეტი პატიმარია რუსთავის №15 და თბილისის გლდანის საპატიმროებში.
იმ პატიმრების რაოდენობა, რომლებიც ჯერჯერობით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, 1 აგვისტოს მონაცემებით, დაახლოებით 1,8 ათასია. აქაც უმეტესობა 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაა. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 23 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 11 პირი.
პატიმრების უმეტესი რაოდენობა სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის. ამასთან, ძირითადი ნაწილი ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობის ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის არის პატიმრობაში.
განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირთათვის განკუთვნილ ციხეში იმყოფება 180 პირი. დანარჩენი პატიმრები განაწილებული არიან დახურული ან ნახევრად დახურული ტიპის ციხეებში.
უცხოელები ქართულ ციხეებში
საქართველოს ციხეებში 2023 წლის 1 აგვისტოსთვის იმყოფებოდა 52 უცხო სახელმწიფოს 761 მოქალაქე, რაც პატიმრების მთელი რაოდენობის 7,7%-ია. დაპატიმრებული უცხოელების ძირითადი ნაწილი მამაკაცია.
ქართულ ციხეებში იმყოფება ასევე ერთი არასრულწლოვანი უცხოელი და 77 უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი. პატიმარი უცხოელების დაახლოებით მესამედი თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
ქართულ ციხეებში ასევე იხდიან სასჯელს იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პატიმრების სიკვდილიანობა
საქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადებისა და სუიციდის შედეგად ცხრა პატიმარი გარდაიცვალა.
ერთ-ერთი პირის გარდაცვალების მიზეზი იყო ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი, ორის – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის – სეფსისი და თირკმლების დაავადება, ერთის – ტვინის ინფარქტი ცერებროვასკულარული დაავადების ფონზე, ორის – სუიციდი. ერთი პატიმრის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის.
პირობითი მსჯავრდებულები
საქართველოში დაახლოებით 30 ათასი პირობითი მსჯავრდებულია. მათგან ძირითადი ნაწილი მამაკაცია. პირობით მსჯავრს ასევე იხდის 1,2 ათასი ქალი და 110 არასრულწლოვანი.
პირობით მსჯავრს იხდის აგრეთვე 29 უცხო ქვეყნის 398 მოქალაქე, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათ შორის არის 29 ქალი და 5 არასრულწლოვანი.