მსოფლიო დღეს

ისრაელ-პალესტინის ომში ლიბანი ერთვება: „ჰესბოლა“ აშშ-ს თავდასხმებით ემუქრება

Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰესბოლა“ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებზე თავდასხმით იმუქრება, თუ შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერევა ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში.
დაჯგუფებამ ეს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ და მისი დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

„პალესტინა უკრაინა არ არის. თუ აშშ უშუალოდ ჩაერევა [კონფლიქტში], შეერთებული შტატების ყველა პოზიცია რეგიონში ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე გახდება და თავდასხმებს დაექვემდებარება. და ამ დღეს არანაირი წითელი ხაზი არ იარსებებს“, − აღნიშნა „ჰესბოლას“ წარმომადგენელმა.

ტელეარხ Al Arabiya-ს ინფორმაციით, ლიბანმა უკვე გაუშვა ისრაელის მიმართულებით 12 რაკეტა.
ამასთან ტელეარხი იუწყება, რომ ისრაელის არმია ამოწმებს ცნობას ქვეყნის ტერიტორიაზე ლიბანის მხრიდან საეჭვო ჯგუფის შეღწევის შესახებ, რა მიზნითაც შესაბამის რაიონებში „ცახალის“ ჯარისკაცები გადაისროლეს.
როგორც Times of Israel წერს, „ლიბანთან საზღვარზე ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა“.
მანამდე CCN-მა ანონიმ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში 20-25 ამერიკული გამანადგურებლის განთავსებას აპირებს რეგიონში ამერიკული ძალების პოზიციის გასაძლიერებლად.
არსებული ცნობით, საუბარია 20-დან 25-მდე გამანადგურებელ F-35-სა და F-15-ზე. როდის ჩავლენ გამანადგურებლები რეგიონში, უცნობია. უფრო ადრე პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე აშშ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ გაგზავნას და რეგიონში საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებას გეგმავს.