თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობას ბევრი გეგმა და ამოცანა აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარების ხელშეწყობის კუთხით, ქვეყანაში ამ სფეროში დიდი პოტენციალი და პერსპექტივებია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
დავითაშვილის თქმით, ეს ყველაფერი რეალიზებული იქნება კონკრეტული პროექტების სახით.
„ინოვაციების საგრანტო პროგრამების ფარგლებში დღემდე დაფინანსებულია გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. დაფინანსების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს, რის შედეგადაც ბენეფიციარებმა შექმნეს 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი, მოიზიდეს 300 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი", – განაცხადა დავითაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ 2023 წლიდან დაინერგა ახალი პროგრამა "ინოვაციური გრანტები რეგიონებისთვის", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად საქართველოს ათ რეგიონში დაფინანსდება 40 სტარტაპი.
2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 21 სტარტაპი, წლის ბოლომდე კიდევ 19 სტარტაპი დაფინანსდება სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, პროგრამა DO IT IN GEORGIA-ს ფარგლებში წელს დამატებით 5 ათასი IT სპეციალისტის მომზადება დაიწყება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით განათლებას მიიღებენ საბაზისო საფეხურიდან, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
დავითაშვილის განცხადებით, წელს პრეაქსელერაციის პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 130 ბენეფიციარი გადაამზადეს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბოლო ორი წლის განმავლობაში კი საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის გადამზადდა 3 ათასზე მეტი IT სპეციალისტი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება.
ასევე აქსელერაციის პროგრამა „500"-ის შედეგად 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩურული ფონდი 20 მლნ დოლარის კაპიტალით. აღნიშნული ფონდის მიერ 12 სტარტაპში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 90-მდე საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს, მათ შორის ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა Rakuten (Viber), Epam, Lineate, Exadel და სხვ.
ეს კომპანიები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ, ქმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ხელს უწყობენ IT ტალანტების შემოდინებას და გზას უხსნიან სხვა კომპანიების შემოსვლას ქვეყანაში.
ვიცე-პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სწრაფად და წარმატებით ჩნდება გლობალური ინოვაციების რუკაზე.