საქართველო შესაძლოა გახდეს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდო მოლაპარაკების ადგილი - ალიევი

დღეს საჭიროა აქტიური მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე, რათა სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს, განაცხადა ალიევმა
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები დაუყოვნებლივ დაიწყება საქართველოში შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, როგორც კი ერევანი ამაზე თანხმობას განაცხადებს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით 8 ოქტომბერს ეწვია.
„ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები, თუ ნებისმიერი სხვა, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზად არის, დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს გამოვიდეს ფასილიტატორის როლში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, დღეს საჭიროა აქტიური მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რათა სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური გარემოს და სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს.
„დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომი, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე“, - განაცხადა ალიევმა.
როგორც თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მზადაა შეიტანოს თავისი მოკრძალებული წვლილი რეგიონში მშვიდობის დამყარებაში და შუამავლის როლი იკისროს.
„ჩვენ ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა მიუკერძოებელი, ნეიტრალური პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, ფასილიტაციის თუ, ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბებაში. თბილისი ყოველთვის მზად არის, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შეძლოს თავადვე გადაწყვიტოს რეგიონის საკითხები და შემდგომი განვითარება.
ღარიბაშვილმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება.
„ამ საკითხში სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის – სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, აზერბაიჯანისთვის, ქართველების და საქართველოსთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.