თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო რიგით მე-2 საერთაშორისო კონგრესში (Kingdom Business Luxury Travel Congress, KBLT) და მონაწილეებს ქვეყნის პოტენციალი გააცნო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„KBLT ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კონგრესის მიზანია ბიზნეს ტურისტული პროდუქტების მიმწოდებლები, ბიზნეს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს პროფესიონალები შეთავაზებული პროდუქტების პოტენციურ მყიდველებს დაუკავშირდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა B2B შეხვედრები გამართეს სპარსეთის ყურის ქვეყნების 30-მდე პოტენციურ დამკვეთთან. შეხვედრებზე რეგიონის უმსხვილესი ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ბიზნეს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
Kingdom Business Luxury Travel Congress (KBLT) რიგით მე-2 საერთაშორისო კონგრესს საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და კატარიდან 250-მდე დელეგატი ესწრებოდა.