ცესკომ პირველი ელექტრონული არჩევნების აუდიტი უცხოურ კომპანიას დაუკვეთა

პირველი ელექტრონული არჩევნები გაიმართა საქართველოს ორ რეგიონში - ამომრჩევლები ირჩევდნენ ერთ დეპუტატს და გურჯაანის მერს
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველად მთლიანად ელექტრონულად ჩატარებული 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების აუდიტი ამერიკულ კომპანიას დაუკვეთა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ელექტრონული საარჩევნო სისტემა საქართველოს კანონმდებლობაში 2023 წელს შემუშავდა, და უკვე 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ამ სისტემით ჩატარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს უფლება ექნება შექმნას მთავრობა, რომელიც საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებას განსაზღვრავს.
„აუდიტის ჩატარება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებით ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვის პროცესში, საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
არჩევნების აუდიტს აკრედიტებული კომპანია Pro V&V განახორციელებს. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.
კომპანია შეამოწმებს არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობას საერთაშორისო საარჩევნო პრინციპებთან და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან.
კალანდარიშვილი: ცესკო მზად არის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის >>
კომპანია შეაფასებს გამოყენებული ელექტრონული საშუალებების (საარჩევნო ტექნოლოგიების) ტექნიკური და პროგრამული ფუნქციონირებას. საუბარია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებზე, პლანშეტებზე და აპარატების პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
ამის შემდეგ მომზადდება აუდიტორული ანგარიში და რეკომენდაციები.
2023 წლის 1 ოქტომბერს პარლამენტის შუალედური (კასპისა და გორის რაიონები) და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.