თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ბავშვები ადრე თუ გვიან ინფექციებს გადააწყდებიან, ამიტომ მათი სახლში დატოვება და საბავშვო ბაღში არ გაშვებას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ Sputnik-საქართველოსთან საუბარში თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ბევრ მშობელს აწუხებს კითხვა, რამდენად ხშირად იავადმყოფებს მათი შვილი, თუ საბავშვო ბაღში ივლის და დაუქვეითდება თუ არა ამის გამო მისი იმუნიტეტი. ზოგიერთი მშობელი ხშირი ავადმყოფობებისა და ინფექციების შიშით საბავშვო ბაღზე საერთოდ უარს ამბობს.
„თუ ბავშვს სახლში დავტოვებთ, ეს მოკლევადიან შედეგს მოგვცემს. მართალია, ამ პერიოდში ბავშვს ნაკლები ინფექცია განუვითარდება. მაგრამ ერთი, ორი წლის შემდეგ იგივე შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პანდემიის დროს ბევრ მშობელს სურდა, რომ მათი შვილებს კორონავირუსი გადაეტანათ, რათა აცრა არ გაეკეთებინათ.
„გადატანილი ინფექცია განსაზღვრავს იმუნურ დაცვას და ეს არის ყველაზე მთავარი. ასე რომ, როცა ვამბობთ, რომ ბავშვს არ მივიყვანთ ბაღში, ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურად ვზღუდავთ მას ინფექციებისგან, მაგრამ ადრე თუ გვიან ის მაინც გადააწყდება მათ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
რაც შეეხება ავადობას სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს შორის, ამ დროისთვის ინფიცირების დიდი რაოდენობა არ არის, აღნიშნა ჩხაიძემ და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის მიმართ მიმართვიანობა გაიზრდებოდა.
მიმართვიანობა გაიზრდება რესპირატორული ვირუსების გავრცელების ყველაზე აქტიურ პერიოდში - ნოემბერში, დეკემბერში და იანვარში, აღნიშნა ჩხაიძემ.
კითხვაზე, გახდა თუ არა ვირუსები უფრო მრავალფეროვანი და აგრესიული, ჩხაიძემ უპასუხა, რომ არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში უფრო მეტი ვირუსია, ვიდრე მე-20 საუკუნის ბოლოს იყო.
ჩხაიძის თქმით, ახლა მხოლოდ მეტი კონტროლი და ინფორმაციაა, რაც ადრე არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან არ არსებობდა შესაბამისი ლაბორატორიები.
„ერთადერთი, რაც რეალურად შეიცვალა, არის სხვადასხვა ტიპის ვირუსების ძლიერი გააქტიურება და უჩვეულო გამოჩენა მაშინ, როცა ისინი არ უნდა იყონ. მაგალითად, 2019 წელს, ანუ პანდემიამდელ წელს და 2022 წელს სრულიად განსხვავებული სურათი გვქონდა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
ვირუსებმა სეზონურობა დაკარგეს. მაგალითად, გრიპის შემთხვევები ზაფხულში იმატა და არა ზამთარში, როგორც ეს აქამდე იყო. ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ 2020-2021 წლებში ვირუსების გავრცელება შეძლებისდაგვარად შეზღუდული იყო. ამას ხელი შეუწყო იზოლაციამ, კარანტინმა, ხელების ჰიგიენამ და ნიღბების ტარებამ.
„ეს შეზღუდვები აჩერებს არამარტო კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსებსაც. შესაბამისად, ვირუსული ინფექციების აქტივობის კუთხით სამწლიანი „შესვენება“ გვქონდა. ორი წელი არ გვქონდა ეს ვირუსები და როგორც კი მოვხსენით შეზღუდვები და გაიზარდა მობილურობა, გაიზარდა ინფიცირების რისკიც“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამის მიზეზი ის იყო, რომ მოსახლეობას არ გააჩნდა იმუნიტეტი ამ ვირუსების მიმართ. იზოლაციისა და კარანტინის დროს ბევრს არ გადაუტანია გრიპი ან სხვა რესპირატორული ვირუსები.