ხაშურის მუნიციპალიტეტში ხიდი ჩაინგრა

ხიდის აღდგენამდე მოსახლეობა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ალტერნატიული ხიდით ისარგებლებს.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭერათხევზე გამავალი ხიდი ჩაინგრა, იუწყება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.
სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი გუშინ, საღამოს ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ხიდი ძველია, თუმცა ის დაზიანებული არ იყო. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ხიდზე ასფალტი 2021 წელს დაიგო, როდესაც სოფელში გზა გაკეთდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
ადგილზე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, დილიდან მიმდინარეობს ხიდის დემონტაჟი. გზაზე მოეწყო მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები.
ხიდის აღდგენამდე მოსახლეობა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ალტერნატიული ხიდით ისარგებლებს.