თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6716 GEL/$1 შეადგინა.
რეგულატორმა აუქციონზე გასაყიდად 50 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 44,9 მლნ დოლარი გაიყიდა.
ორი კვირის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და გასაყიდად ჯამში 150 მლნ დოლარი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 109,65 მლნ დოლარი გაიყიდა.
20 სექტემბერს სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა, რომელსაც საფუძვლად დაედო აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობა ლარის გაუფასურების და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის შესაძლებლობამ შეაშფოთა. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის საშიშროებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.
სექტემბრის ბოლოს ლარი 1,6%-ით გაუფასურდა, შემდეგ კი კვლავ გამყარება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა 7 ოქტომბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6719 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.