თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის კუთხით ახალ ინიციატივებზე მუშაობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
მინისტრის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე, მათ შორის ობლიგაციების გამოშვებაზე, საააქციო კაპიტალის განვითარებასა და აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კერძო სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელზეც უკვე წლებია აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და რისთვისაც პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელოვანი და აპრობირებული ინსტრუმენტია.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2022-2023 წლების განმავლობაში გაფართოვდა ბიზნესის ხელშეწყობის არსებული მექანიზმები. ცვლილებები შეეხო როგორც ფინანსური (სესხის თანადაფინანსება და თანაუზრუნველყოფა), ასევე ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამებს (ექსპორტის ტექნიკური დახმარება).
„მათი საშუალებით მხარდაჭერილია 1 ათასამდე პროექტი და შეიქმნა 10 ათასამდე სამუშაო ადგილი. ასევე ხაზგასასმელია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის 2023 წლის რაუნდში გამარჯვებულია 1.157 პროექტი. გამარჯვებულთა 50,12% ქალი მეწარმეა", – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჯამში, 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი მიიღეს. მთლიან შიდა პროდუქტში 1 ლარის შენატანი შეადგენს 4,2 ლარს, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე პროექტის განხორციელებიდან 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების სახით 1,5 ლარი შედის.
„სიახლეები გვაქვს მეწარმეებისთვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების კუთხით – დამუშავდა რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო სამეგრელო–ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში", – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მიმდინარეობს აჭარისა და კახეთის ცენტრების გასახსნელად მოსამზადებელი სამუშაოები. ქვეყნის მასშტაბით კი 2023-2024 წლებში სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრები ათივე რეგიონსა და დედაქალაქში გაიხსნება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.