თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, რომელიც კახეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დააკავეს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაცვის პოლიციის ინსპექტორს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.
წყარო - პროკურატურა