თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ კალანდიამ, რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედება ბრალად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
თბილისის ცენტრში ორი 16 წლის მოსწავლის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. სკოლის მოსწავლეები 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ. სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის ივნისში დაკავებული მიხეილ კალანდია სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხელ კალანდიასთან მიმართებით. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
მისი თქმით, კალანდია ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სამართალდამცველ ორგანოებზე და სასამართლოზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომაც მოხვდა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ქართველმა მოსამართლეებმა გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს, ამიტომაც პრეზიდენტმა იგი უნდა შეიწყალოს.
„პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს", – განაცხადა თოდუამ.
სექტემბრის დასაწყისში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კიდევ ერთი მსჯავრდებულის გიორგი მენაბდეს მიმართ გამოტანილი განაჩენი.
მკვლელობის საქმე
2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოზარდების მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, საზოგადოების ზეწოლიდან გამომდინარე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ კი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.
2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს აგრეთვე მიხეილ კალანდია.
საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართეს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად ბარბაქაძეს და კალანდიას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, 2020 წლის 28 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობდა.
დეკემბერში მას დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.