მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში, 1917–1920 წლებში უკრაინის უმნიშვნელოვანესი პორტი შავ ზღვაზე, ქალაქი ოდესა ხან წითელი არმიის, ხან გერმანელების, ინგლისელებისა თუ ფრანგების, ხანაც კიდევ დენიკინელების ხელში იყო.
ამ ქაოსსა და გაურკვევლობაში ქალაქი დამნაშავეობის ტალღამ წალეკა. შეშინებული მშვიდობიანი მოსახლეობა ლამის აღარ გამოდიოდა ქუჩაში, სამაგიეროდ ბანდიტები გრძნობდნენ თავს ლაღად.
და მაშინ ქალაქის თავკაცებმა გადაწყვიტეს, ყაჩაღებისთვის ქართველებისგან შემდგარი ასკაციანი რაზმი დაეპირისპირებინათ.
არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ეს ასი ქართველი ოდესაში — ადგილობრივები იყვნენ თუ დამნაშავეებთან საბრძოლველად სპეციალურად ჩასულნი. ეს კია, რაზმი საპორტო ქალაქში 1918 წლის ბოლოსთვის ამოქმედებულა და ოდესელებისთვის დიდი შვება მოუტანია.
ოდესის ხელისუფლება ლამის თვეში ერთხელ იცვლებოდა, რაზმი კი საქმიანობას განაგრძნობდა. ოფიციალურად ის ქალაქის სამხედრო კომენდანტის განკარგულებაში იყო, ფაქტობრივად კი პოლიციის ფუნქციებს ასრულებდა.
ქართველთა ასეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კრიმინალური ავტორიტეტის გენა ჟუკოვის, იგივე „ხრამოის“ მკვლელობის საქმე იყო.
70 წელს მიტანებული ჟუკოვი ქალაქის იატაქვეშა ბიზნესს მფარველობდა. სწორედ ის აკონტროლებდა უცხოეთიდან გემებით შემოტანილ კონტრაბანდას, რაშიც დიდ თანხას უხდიდნენ.
„ხრამოის“ ბანდა სისასტიკით იყო განთქმული, მისი წევრები მთელ ქალაქს ატერორებდნენ და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ვინმე მასზე ხელის აღმართვას გაბედავდა. მით უმეტეს, რომ ჟუკოვს ყოველთვის დაჰყვებოდა სამი-ოთხი კარგად შეიარაღებული პირადი მცველი.
1919 წლის 24 სექტემბერს გენა ჟუკოვი რესტორან „ტროკადერში“ მივიდა დროს სატარებლად, სადაც, თურმე, მკვლელებს ჩასაფრება მოეწყოთ. როდესაც ქეიფი ღრეობაში გადაიზარდა და „ხრამოის“ ორი მცველი საცეკვაოდ გაიჭრა, მკვლელებმა, ისე რომ მაგიდიდან არც წამომდგარან, „ხრამოის“ ესროლეს. კრიმინალური ავტორიტეტი და მისი ორი მცველი ადგილზე დაიღუპნენ, დარბაზში კი პანიკა ატყდა და ყველა გასასავლელს მიაწყდა. და სანამ ცოცხლად გადარჩენილი მცველები გონს მოვიდოდნენ, მკვლელებმა ისარგებლეს ალიაქოთით და შეუმჩნევლად „აორთქლდნენ“.
იმავე ღამით ოდესის სამხედრო კომენდანტმა დომბროვსკიმ მკვლელობის გამოძიება ქართველთა რაზმის წევრ ვანო კაპანაძეს დაავალა, რომელსაც მსგავსი საქმეების გახსნის გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, და დამხმარეებად ორი ადგილობრივი სამხედროც გამოუყო.
იმ პერიოდში ოდესა მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქალაქი იყო რუსეთის იმპერიაში. უზარმაზარ ქალაქში ორი მკვლელის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მით უმეტეს, რომ მათი გარეგნობის წესიერად აღწერა რესტორანში მყოფთაგან ვერავინ შეძლო.
მომხდარიდან ორი დღის შემდეგ კაპანაძე კიდევ ერთხელ მივიდა შემთხვევის ადგილზე და პირდაპირ რესტორნის გარდერობს მიაშურა — ერთი იდეა დაებადა და მისი შემოწმება სურდა. საქმე ისაა, რომ იმხანად ოდესაში ძალიან მოდაში იყო შლაპები და თითქმის ყველა მამაკაცი ატარებდა მათ. ამიტომ გამორიცხული არ იყო, მკვლელები რესტორანში ქუდებით მისულიყვნენ, დარბაზში შესვლამდე გარდერობში დაეტოვებინათ, გაქცევისას კი ვეღარ წაეღოთ.
ასეც გამოდგა.
მეტრდოტელმა ქართველ გამომძიებელს ორი მშვენიერი, შავი ხავერდის შლაპა აჩვენა. მფლობელები ქუდებს სიმყარისთვის შიგნიდან ხშირად მუყაოს ან სქელ ქაღალდს უდებდნენ ხოლმე, რომ ქუდს გარკვეული ფორმა შეენარჩუნებინა. კაპანაძემ სარჩულები შეამოწმა და... ერთ-ერთიდან ოთხად გაკეცილი გაზეთის „ჩერნომორსკიე ვედომოსტის“ პირველი გვერდი ამოაძვრინა.
კაპანაძე თვალებს არ უჯერებდა: გაზეთის ზედა ნაწილზე ფანქრით მისამართი იყო მიწერილი: „კუპჩენსკაია 16“ — სავარაუდოდ, ფოსტალიონის ხელით.
ნახევარი საათის შემდეგ ქართველთა შვიდკაციანმა ჯგუფმა აღნიშნულ მისამართზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომლებმაც დაკითხვისას გენა ჟუკოვის მკვლელობაც აღიარეს და დამკვეთიც დაასახელეს: ოდესელი დამნაშავეების მეფედ წოდებული მოშე ვინიცკი, იგივე „იაპონჩიკი“.
32 წლის ვინიცკის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ათასამდე თავზეხელაღებული მძარცველი და მკვლელი ემორჩილებოდა. „იაპონჩიკი“ ოდესის გარეუბანში ცხოვრობდა. მის დიდებულ სასახლეს 24 საათის განმავლობაში ათობით შეიარაღებული პირი იცავდა. ვინიცკის ჰყავდა რამდენიმე ავტომობილიც, რითაც მეტად ამაყობდა.
ოდესის სამხედრო კომენდატმა დომბროვსკიმ ვერ გარისკა „იაპონჩიკთან“ დაპირისპირება, თუმცა მალე მოვლენები ისე განვითარდა, რომ შეჯახება მაინც მოხდა.
რესტორნის ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ კომენდატურის შენობას ორი ცხენოსანი მიადგა, რომლებმაც დომბროვსკისთან შეხვედრა ითხოვეს. ეს უკანასკნელი ადგილზე არ იყო და ვიზიტორები ქართველთა რაზმის ერთ-ერთ მეთაურთან დურმიშხან ახვლედიანთან მიიყვანეს. სტუმრებმა ახვლედიანს უცერემონიოდ მიახალეს, მკვლელები ჩვენ უნდა გადმოგვცეთ, „იაპონჩიკს“ სურს მათთან საუბარიო.
ახვლედიანმა თავხედ სტუმრებს შენობის დატოვება უბრძანა და თან დაემუქრა, თუ დროზე არ გამეცლებით, საკანში ამოგაყოფინებთ თავსო. ვინიცკის ხელქვეითებმა კი, რომლებიც ასეთ დახვედრას არანაირად არ ელოდნენ, ახვლედიანს მოთხოვნა კვლავ გაუმეორეს და თან ერთ-ერთმა მას ნაგანიც მიუშვირა...
ქართველთა რაზმის მეთაური უცებ მასიურ მაგიდას ამოეფარა და მოსულებს ტყვია დაუშინა. როდესაც ოთახში კომენდატურის თანამშრომლები შეცვივდნენ, ახვლედიანს საქმე უკვე მოთავებული ჰქონდა: ბანდიტები სისხლის გუბეში ცურავდნენ.
„იაპონჩიკი“ კი თავისი ხალხის დახოცვას არავის პატიობდა და კომენდატურაც ბრძოლისთვის მოემზადა. ქართველებმა შენობის გარშემო ბარიკადები აღმართეს, ფანჯრები სილით სავსე ტომრებით ამოავსეს და ტყვიამფრქვევებიც ჩააყენეს. კომენდატურა ნამდვილ ციხე-სიმაგრეს დაემსგავსა.
სამი დღის შემდეგ გამაგრებულ შენობას „იაპონჩიკის“ წარმომადგენლები მიადგნენ და დურმიშხან ახვლედიანის გადაცემა მოითხოვეს. ქართველებმა ისინი სტვენით გაყარეს, ღამის ოთხ საათზე კი ვინიცკის ორასამდე მებრძოლმა კომენდატურაზე იერიში მიიტანა.
ბრძოლა დილამდე გაგრძელდა, დილისთვის კი ცხადი გახდა, რომ „იაპონჩიკი“ დამარცხდა. ქართველებს ოცამდე კაცი მოეკლათ მისთვის, ერთი ამდენიც დაეჭრათ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველთაგან არავინ დაღუპულა, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც წამოიჭრა: ტყვია-წამლის უკმარისობა. ბანდიტებს რომ კომენდატურაზე ისევ მიეტანათ შტურმი, საქმე ცუდად წავიდოდა.
მაგრამ ბედი ქართველთა მხარეს იყო: იმ დღეს ოდესაში წითელი არმია შევიდა და ვინიცკის კომედატურისთვის აღარ ეცალა. ქართველებმა ამით ისარგებლეს და „წითლების“ დახმარებით „იაპონჩიკი“ დააპატიმრეს.
მართალია, ოდესელ დამნაშავეთა მეფეს საბჭოთა ხელისუფლებაშიც ბევრი ნაცნობი გამოუჩნდა და საპატიმროს თავი დააღწია, მაგრამ ძალა უკვე დაკარგული ჰქონდა და „ჩეკას“ მისი ლიკვიდაცია არ გასჭირვებია. მოშე ვინიცკი, იგივე „იაპონჩიკი“ რკინიგზის სადგურზე შეუბრალებლად მოკლეს.
ქართველთა ასეული ოდესაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც განაგრძნობდა საქმეს და მათ რამდენიმე თვეში თითქმის მთლიანად გაწმინდეს ქალაქი ბანდიტებისგან.
„ოდესის მოსახლეობამ, როგორც იქნა, დაისვენა. ქართველებმა შეუძლებელი შეძლეს და მკვლელთა თარეშს ბოლო მოუღეს. სამი წლის განმავლობაში მათ არაერთი ბანდის, მათ შორის, ცნობილი „მიშკა იაპონჩიკისა“ და „ხრამოის“ დაჯგუფებათა გაუვნებელყოფა შეძლეს. ამისთვის ქალაქის ხელმძღვანელებმა მათ ალბათ ძეგლები უნდა დაუდგან“, – წერდა მაშინ გაზეთი „ოდესსკი კურიერი“.