თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ძლიერმა ნალექმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა – ადიდებულმა მდინარე ბჟუჟამ ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები დატბორა, იუწყება ოზურგეთის მერია.
წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, რის შედეგადაც დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. რამდენიმე ადგილზე მიწის მასა ჩამოიშალა. მუნიციპალიტეტის მერიაში „ცხელი ხაზი" ამოქმედდა.
„უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად მიმართონ სოფლებში მერის წარმომადგენლებს ან შეგვატყობინონ „ცხელი ხაზის" მეშვეობით", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი 3 ოქტომბრის დღის ბოლომდე შენარჩუნდება.