თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აქამდე საყოველთაო ნორმად აღიარებული 36,6 აღარ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სხეულის ნორმალურ ტემპერატურად, ირწმუნებიან სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია საიტზე Elifesciences.
მათი თქმით, ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურამ ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარი ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო დაიკლო და ახლა 36,6 გრადუსი ნორმად ვეღარ ჩაითვლება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი და შვედი სწავლულებიც, რომელთა თქმით, ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა შეიძლება 35,7-დან 37,7 გრადუსამდე მერყეობდეს — ასაკის, სქესისა და რასობრივი კუთვნილების გათვალისწინებით.
გამომდინარე იქიდან, რომ დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, თერმომეტრის მაჩვენებლის ინტერპრეტაციისას, გარდა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლებისა, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ გაზომვის მეთოდი და დრო.
სპეციალისტების თქმით, თუ დილით თერმომეტრი 37,2°C-ზე მეტს აჩვენებს, საღამოს კი 37,7°C-ზე მეტს, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს სიცხე აქვს. ეს შესაძლოა გრიპის ან სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით იყოს გამოწვეული, რასაც სხვა სიმპტომებიც უნდა ახლდეს: ყელის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, მოთენთილობა და სხვ.
მაგრამ თუ ადამიანს სიცხე აქვს, მაგრამ სხვა არანაირი სიმპტომი არ ფიქსირდება, ეს შესაძლოა როგორც უწყინარ, ისე სასიკვდილოდ სახიფათო მიზეზებზე მეტყველებდეს.
სპეციალისტების თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
სამ თვემდე ჩვილის სხეულის ტემპერატურამ 38°C-ს გადააჭარბა, ხოლო 3-6 თვის ბავშვისამ — 38,9°C-ს;
ორ წლამდე ასაკის ბავშვის ტემპერატურამ 38,9°C-მდე აიწია და ერთ დღეზე მეტხანს დარჩება ამ მაჩვენებელზე;
ზრდასრული ადამიანის სხეულის ტემპერატურა 39,4°C-ზე მაღლა იწევს.
ექიმების თქმით, ასეთი მაჩვენებლები შესაძლოა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.
თუ საშიში სიმპტომები არ ახლავს, სიცხე შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებზე რეაქცია იყოს. ასეთ შემთხვევაში ტემპერატურა მალევე თავისით დაიწევს და ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება. მაგრამ შეიძლება საქმე ასე მარტივადაც არ იყოს.
უსიმპტომო სიცხის მიზეზები
ექიმებმა ჩამოთვალეს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფაქტორი, რომლებიც ადამიანის სხეულის ტემპერატურის მატებას იწვევს — სხვა სიმპტომების გარეშე.
ესენია:
ვირუსული დაავადებები — ზოგჯერ ვირუსული ინფექცია შეიძლება მკვეთრად გამოხატული ხველის, ყელის ტკივილის ან ცხვირიდან გამონადენის გარეშე მიმდინარეობდეს. მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, ორგანიზმი აქტიურად ებრძვის ინფექციას, რაზეც ტემპერატურის მატება მიუთითებს.
ბაქტერიული ინფექციები — ვირუსების მსგავსად, ბაქტერიული ინფექციის სიმპტომები ყოველთვის აშკარა არ არის, დაავადების საწყის ეტაპებზე მაინც. მაგალითად, ტუბერკულოზი თავიდან შესაძლოა მხოლოდ სისუსტითა და 37-37,5°C ტემპერატურით გამოვლინდეს.
გარკვეული მედიკამენტების მიღება — ტემპერატურის უმნიშვნელო, მაგრამ სტაბილური მატება სხვა სიმპტომების გარეშე შეიძლება ახალი წამლის მიღებიდან 7-10 დღის შემდეგ დაფიქსირდეს. ამ მდგომარეობას წამლის ცხელება ეწოდება და შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა (ხშირად პენიცილინების ან ცეფალოსპორინების ჯგუფისა), მაღალი წნევის წამლებმა ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებმა.
აუტოიმუნური დაავადებები — ტემპერატურის უმნიშვნელო მატება რევმატოიდული ართრიტის ხშირი ნიშანია. მიიჩნევა, რომ ამ შემთხვევაში ცხელება გამოწვეულია სახსრებში დაწყებული ანთებითი პროცესით. კიდევ ერთი დაავადება, რომელიც შეიძლება უსიმპტომო სიცხეს იწვევდეს — ეს გაფანტული სკლეროზია.
ზოგიერთი აცრა — დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველისა თუ პნევმოკოკის ვაქცინები ასევე იწვევს სხეულის ტემპერატურის მატებას. თუმცა, თეორიულად, უსიმპტომო სიცხე შესაძლოა ნებისმიერ ვაქცინაციას ახლდეს.
სტრესი — ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის ტემპერატურაზე. ექიმები ამ მოვლენას ფსიქოგენურ ცხელებას უწოდებენ. ყველაზე ხშირად ეს ზედმეტად შთაბეჭდილებიან ახალგაზრდა ქალებში ხდება, მაგრამ მსგავსი სიცხისგან არც მამაკაცები არიან დაზღვეული. ხანგრძლივი განცდებისა და ქრონიკული სტრესის ფონზე ფსიქოგენური ტემპერატურა 37-38°C-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა მაღალი ემოციური სტრესის პირობებში შესაძლოა 40°C-ს გადააჭარბოს.
ონკოლოგიური დაავადებები — კიბოს ზოგი სახეობა, როგორებიცაა ლიმფომა და ლეიკემია, ზოგჯერ მუდმივ და აუხსნელ სიცხეებს იწვევს.
სითბური დარტყმა — ჭარბი სითბოს ზემოქმედებისას თერმორეგულაციის მექანიზმები ირღვევა და ორგანიზმი შეიძლება გადახურდეს.
ამასთან ზოგჯერ უსიმპტომო სიცხის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ექიმი სვამს დიაგნოზს „გაურკვეველი წარმოშობის ცხელება". ამ დიაგნოზის შემთხვევაში ტარდება პაციენტის საფუძვლიანი გამოკვლევა, ხშირად აუცილებელი ხდება ჰოსპიტალიზაცია.