თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარიზის ტურისტულ გამოფენას IFTM Top Resa 50 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს.
IFTM Top Resa-ს ფარგლებში გამოფენის მონაწილეები საქართველოს სტენდთან ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელი კურორტების, სათავგადასავლო, კულტურული, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე ტურისტული კომპანია მონაწილეობს.
„პარიზის ტურისტულ გამოფენაზე სამი დღის განმავლობაში საქართველოს სტენდთან მოსულ სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, იხილონ პრეზენტაციები პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში", – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
უწყების ცნობით, გამოფენის ფარგლებში მაია ომიაძე ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საფრანგეთის უმსხვილეს ტუროპერატორებთან შეხვედრებს გამართავს.